თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან, ორი საკარანტინო ზონაში იმყოფრბოდა, ერთს კი ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი
რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა, ერთი კი გამოჯანმრთელდა.
„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი (ყარაჯალას შემთხვევა), ოჯახის წევრი (მოზრდილი) და მეორე გახლავთ საკარანტინო სივრციდან შემოსული პაციენტი, შემოტანილი შემთხვევა, რუსეთიდან არის შემოსული ჩვენთან. საკარანტინო სივრცეში იყო, იქ დაუდასტურდა და გადმოიყვანეს.
ორივე პიროვნების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. არსებული რუტინული კვლევით და რადიოლოგიური კვლევებითაც ჯერჯერობით დაავადების პროგრესირების ნიშნები არ ჩანს, ვნახოთ დინამიკაში რა იქნება. ასევე, ჩვენთან არსებული ყველა ძველი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე არსებული ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში COVID-19–ის 917 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 776 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 2744 ადამიანი რჩება.