weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ნაყიდი COVID-19“-ის შესახებ „მთავარი არხის“ სიუჟეტის რესპონდენტები სუს-ში დაიბარეს

15:24 ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020

ტელეკომპანია „მთავარი არხზე“ გასული სიუჟეტის რესპონდენტები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, მათ კორონავირუსის შესახებ ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეზე საბოტაჟის მუხლით მარტში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

სიუჟეტი - „ნაყიდი COVID-19“ - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 20 ივნისს გავიდა. მარნეულში მცხოვრები ქალი ჰყვება, რომ მისი შვილი გულის პრობლემებით გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა სხვა დიაგნოზის ჩაწერა შესთავაზეს. სიუჟეტის ავტორი აკონკრეტებს, რომ გარდაცვლილის ოჯახთან ჯერ ექიმები, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ და გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის ჩაწერის სანაცვლოდ 10 000 ლარს სთავაზობდნენ.

„როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ექიმები მოვიდნენ და შვილიშვილებს უთხრეს, ანალიზები უნდა გავაკეთოთო. ჩვენ დავთანხმდით, თუმცა ვუთხარით, რომ არ მივცემდით უფლებას, რაიმე გაეყალბებინათ. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ისეთი რაღაც შემოგვთავაზეს, რაზეც არ დავთანხმდით, მივხვდით, რომ რაღაცას გვატყუებდნენ“, – ამბობს ქალი.

მსგავს ისტორიას ჰყვება სიუჟეტის კიდევ ერთი რესპონდენტი: „ჩემს ახლობელთან იყვნენ მისულები და ფული შესთავაზეს, რომ გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ. კიდევ ერთ ჩემს ახლობელთან ბაზარში მივიდნენ მერიის თანამშრომლები და ეს შესთავაზეს. რატომ ან როგორ, არ ვიცი. ის ვიცი, რომ თავის მიცვალებულს არავინ გაყიდის“.

სიუჟეტის ავტორის თქმით, თანხის სანაცვლოდ დიაგნოზის შეცვლის შეთავაზება ყველაზე ხშირად იმ რეგიონის მცხოვრებლებმა მიიღეს, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მარნეულის ჩაიხანაში მას უთხრეს, რომ ბოლო დროს თითქმის ყველა ოჯახში მიდიან, სადაც მიცვალებულია და რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გარდაცვლილი, კორონავირუსის ჩაწერას სთავაზობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გამორიცხული არ არის, გამოკითხვაზე სიუჟეტის ავტორებიც დაიბარონ.

გამოძიება საქმეზე, რომლის ფარგლებშიც „მთავარი არხის“ რესპონდენტებს გამოკითხავენ, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება. 

 

ამ თემაზე:

„მთავარმა არხმა“ აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები შეგნებულად არასწორად თარგმნა – სუს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]