გერმანიის ელჩი ერთერთი ხელმომწერი ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს პასუხობს, რომ შეშფოთებულია სოფიო კილაძის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით.
„ჩვენმა მისიამ ჟენევაში გამომიგზავნა თქვენი კომუნიკაცია არაერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელით გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქალბატონ სოფო კილაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გამო.
სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის შეტევებს ადგილი აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის დროს - განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სამწუხაროდ პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ, რომ ისინი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა საკითხებსა და პროცესებთან დაკავშირებით ასეთ დონეზე დაშვების ნაცვლად.
ასევე, გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ მისია ჟენევაში იღებს ადეკვატურ ინფორმაციას ამ და სხვა საელჩოებიდან იმისთვის, რომ თითოეულ წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოს მოსაზრება.
მადლობელი ვიქნები, თუკი ჩემს შენიშვნებს გადასცემთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ მიმართვას ჟენევის მისიების მისამართით“, – ნათქვამია გერმანიის ელჩის წერილში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს 22 ივნისს მიმართა. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაარღვია გაეროს რეკომენდაციები და კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძე საზოგადოებისაგან ფარულად შეარჩია. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ კილაძის არც კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა არ იძლევა მისი შერჩევის ლეგიტიმაციას.