weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

PHR პოლიციელების მხრიდან 16 წლის მოზარდის მიმართ სავარაუდო ძალადობის გამოძიებას ითხოვს

14:56 შაბათი, 27 ივნისი 2020
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ 18 ივნისს, თბილისში, საღამოს საათებში, პოლიციის სამმა თანამშრომელმა ათეულობით მოქალაქის თვალწინ 16 წლის მოზარდის მიმართ უკანონო ძალა გამოიყენა.

მოზარდის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბავშვი დედის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც სამართალდამცველებმა უსაფუძვლოდ გააჩერეს. მათ ბავშვისთვის არ წარუდგენიათ ვინაობა და არც გაჩერების მიზეზი აუხსნიათ. მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაზეც მოზარდმა უპასუხა, რომ იყო არასრულწლოვანი და პირადობის მოწმობა ჯერ არ ჰქონდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ უსაფუძვლოდ შეჩერებული პირი იყო ბავშვი, კვლავ გააგრძელეს ჩვენი შეფასებით უკანონო ქმედებები. კერძოდ,

საფუძვლის გარეშე ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება და სცადეს ფოტოსურათის გადაღება. მას შემდეგ, რაც ბავშვმა მათ შესაბამისი საფუძვლის მითითება მოსთხოვა, პოლიციელები გაღიზიანდნენ და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით დაემუქრნენ.

ბავშვმა მათ უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მოვიდოდა მისი მშობელი (დედა) და მასთან ერთად დალაპარაკებოდნენ. პოლიციელები არ დაელოდნენ ბავშვის მშობელს, ამასთანავე არ მიუღიათ რაიმე ზომა სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით და სავარაუდოდ, უკანონო ძალის გამოყენებით შეეცადნენ ბავშვის მანქანაში ჩასმას“, – აღნიშნავს PHR.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა თავი შეუძლოდ იგრძნო და პოლიციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისკენ მოუწოდებდნენ შეკრებილი მოქალაქეებიც, სამართალდამცავები აგრძელებდნენ ძალის გამოყენებით ბავშვის მანქანაში ჩასმას.

„საბოლოოდ ბავშვმა მოქალაქეების დახმარებით შეძლო განრიდებოდა პოლიციელებს. სავარაუდოდ უკანონო ძალის გამოყენების შედეგად, ბავშვმა სხეულის დაზიანებები მიიღო“, – აცხადებს PHR.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შემთხვევა დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ განთავსებული სათვალთვალო კამერების მიერ. გარდა ამისა, მომხდარს ჰყავს ათეულობით თვითმხილველი, ერთ-ერთმა მოქალაქემ კი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გააკეთა.

„ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმეში ჩართვისთანავე გამოძიების დაწყების მოთხოვნით დამატებით მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მოვითხოვეთ მტკიცებულებების დაუყოვნებლივ შეგროვება. თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა, შესაბამისად არ მომხდარა მტკიცებულებათა მოპოვება“, – აცხადებს PHR.

ორგანიზაციის შეფასებით, მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ფიგურირებენ.

„შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ხელოვნურად დაყოვნება საფრთხის ქვეშ აყენებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ზიანს აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

PHR-ს მიაჩნია, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია სამართალდამცველების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ასეთი ქცევა, რაც „უკვე სცდება ინდივიდუალურ შემთხვევებს და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს“.

„ზემოაღნიშნულ ფაქტებს აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, რათა ყველა ბავშვი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს და მათი ფუნდამენტური უფლებები იყოს განუხრელად დაცული“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]