weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არასრულწლოვანზე ძალადობის მიზანი სასურველი ჩვენების მიღება იყო – ადვოკატი

18:46 შაბათი, 27 ივნისი 2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სამართალდამცველებმა მის დაცვის ქვეშ მყოფზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით იძალადეს. როგორც ადვოკატი ამბობს, არასრულწლოვანი 16 საათი გააჩერეს პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

გიორგი გელხაურმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე გამოკითხა არასრულწლოვნის მამა, რომელმაც დაადასტურა გამოკითხვის დროს მომხდარი ძალადობა.

„დაისვა კითხვა - რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც მის შვილს ჩაარტყეს. მან განაცხადა, რომ შეეშინდა. იმდენად აგრესიულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები მისი შვილის მიმართ, რომ იფიქრა, საერთოდ შესაძლებელი იყო მისი ცალკე გამოკითხვა გაეგრძელებინათ. მას ერჩივნა, რომ შვილთან ერთად ყოფილიყო და სწორედ ამიტომ არ ჰქონდა ის რეაქცია, რაც შეიძლებოდა მისი შვილის ცემის ფაქტს მოჰყოლოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალი ეხება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ასევე ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. გიორგი გელხაურის თქმით, პროკურატურას დაცვის მხარისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუცია, შესაბამისად, არ იცის, რა მტკიცებულებები არსებობს არასრულწლოვნის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ძალადობას, ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს სურდათ, არასრულწლოვანს ეთქვა, თითქოს დაინახა ვინ მისდევდა გიორგი შაქარაშვილს, სად გარბოდა ის და ა.შ.

„რა თქმა უნდა ეს არასრულწლოვანმა ნამდვილად არ იცის და არ დაუნახავს. ჩემი ინფორმაციით, ეს ქმედებები - მანქანასთან მოძრაობა, ხიდთან მოძრაობა - კამერას აქვს გადაღებული და ბრალდების მხარესაც მშვენივრად მოეხსენება, რომ არასრულწლოვანი ვერ დაინახავდა, საით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მისდევდა მას. იმიტომ მოხდა ის ზეწოლა, ის მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომ გამოძიებას მიეღო სასურველი ჩვენება, რომელიც მას აწყობდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი ჩვენება, ადვოკატა თქვა, რომ არ იცის.

„უბრალოდ, ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ გამოძიების ინტერესია, გარდაცვლილის ოჯახს ინტერესი დაუკმაყოფილოს და გამოძიებით მივიდეს იმ შედეგამდე, რაც რეალურად არ ყოფილა. არანაკლები ტრაგედიაა, როდესა არასრულწლოვანს აბრალებ იმის ჩადენას, რაც არ ჩაუდენია“, – აღნიშნა გელხაურმა.

ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვნის მიერ მიცემულ ჩვენებას საქმის მასალების მიღების შემდეგ გაეცნობა.

„არასრულწლოვანი და მისი მამა ადასტურებენ, რომ პოლიციაში ყოფნის 15-16 საათის შემდეგ მათ ფიზიკურად ვეღარ შეძლეს იმ ჩვენების წაკითხვა, რომელიც გამომძიებელს აქვს და ხელი ისე მოაწერეს.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ იქ არ არის ასახული რეალური სურათი“
, – აღნიშნავს ადვოკატი.

გიორგი გელხაური ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 18 ივნისს, მცხეთაში, დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, თუმცა იქ მომხდარ კონფლიტში მონაწილეობა არ მიუღია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაბადების დღეზე იყო. უშუალოდ იუბილარს არ იცნობდა - მეგობარს ახლდა. როდესაც მოხდა კონფლიქტი, მასში არ მონაწილეობდა, იქ არ იმყოფებოდა და არ იცის ვინ ჩხუბობდა. კონფლიქტი ეზოში მოხდა და ამ დროს ის სახლში იყო. არასრულწლოვანმა განუმარტა გამოძიებას, რომ გიორგი შაქარაშვილი სახეზე პირველად ტელევიზიით ნახა“, – აცხადებს ადვოკატი.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა, რაც 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრნენ მცხეთაში.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ძალადობის თავიდან ასაცილებლად გაიქცნენ მდინარე არაგვის მიმართულებით. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით დაედევნენ გაქცეულებს, რომლებმაც სცადეს მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალვა“, –  განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მოძალადეებმა გააგრძელეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც შაქარაშვილი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად უცნობია, რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]