weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კადრები გამოაქვეყნა

13:03 კვირა, 28 ივნისი 2020

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების დაკავებული 17-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

27 ივნისს, დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

გენერალურმა პროკურატურამ 18 ივნისს განვითარებული ზოგიერთი მოვლენის ამსახველი კადრები და გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N76-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ, ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომელთაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

გ.მ-მ, ლ.შ-სთან, ვ.ჩ-სთან, ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან ერთად ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ-მ, გ.მ-მ, გ.ტ-მ, ნ.ც-მ, მეგობრების ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე - მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება. ამისთვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო გ.მ და ლ.შ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თავის მხრივ ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ.ჩ-ს TOYOTA CAMRY-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ, გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ-ს ავტომობილში - თავად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ., რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით.

აღნიშნული პირები 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ.მ. და ლ.შ., რომლებიც თავის მხრივ აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე.

დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე, მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ., რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. 

საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.

22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.

მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. 

ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს. ღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ., ლ.შ., ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ., ნ.რ. და ნ.ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს, რა დროსაც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. 

ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ.ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. 

მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები.

ამავდროულად, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რიცხვი ამ ეტაპისთვის 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება;

ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენა არის უპირველესი ამოცანა, რა მიზნითაც, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე სხვა რიგი გარემოებები, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად”, - ვკითხულობთ გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებული ბრალდებულების მიმართაც უმკაცრესი მიდგომა ექნებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]