„ტრაილერების მძღოლები ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არიან. დღემდე PRC-ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი. ყოველდღიურად სადღაც 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო სამი კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებული შემთხვევაა PCR-ტექნოლოგიით. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია. დღემდე სულ ჩატარებულია 11 000 PCR ტესტი. ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული.
„ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი. გაფართოვდა ტესტირების არეალი და დღეს 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ლუგარის ლაბორატორიამ გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ, რის შედეგადაც ზოგიერთ ლანბორატოერიაში რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა გაპარული, გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და ეს ადამიანები, დადებითები დაუყოვნებლივ საკარანტინო სივრცეში იქნენ გადაყვანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 928 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86%-ია და შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებში 119 კოვიდ-ინფიცირებული იმყოფება. საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1.6%-ია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, სიკდილიანობის ეს მაჩვენებელი გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.