weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება

11:04 ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020
ფოტოზე - რომან დავიდოვი ფოტოზე - რომან დავიდოვი

დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასა და რუსეთის საზღვრებს გარეთ მომხდარ სხვა მკვლელობებს შორის კავშირი არსებობს. ერთობლივი გამოძიება გამოცემებმა Bellingcat (ბრიტანეთი), Der Spiegel (გერმანია) და The Insider (რუსეთი) ჩაატარეს.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორების განცხადებით, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სპეციალური დანიშნულების ცენტრის მიერ. „ქილერი“ – ვადიმ კრასიკოვი მომზადებას გადიოდა სწორედ ამ ცენტრის ბაზებზე და სპეცსამსახურებისგან მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი ყალბი სახელითა და გვარით. The Insider-მა, Bellingcat-მა და Der Spiegel-მა დაადგინეს კრასიკოვის ვინაობა და ისიც, რომ ის სავარაუდოდ დაკავშირებულია რუსეთის საზღვრებს გარეთ FSB–ს მიერ ორგანიზებულ სხვა მკვლელობებთან.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FSB–ს „მკვლელების ჯგუფი“ უპრობლემოდ იღებდა შენგენის ვიზებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თურქეთში კი მათ სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს. ამ ჯგუფის ორი წევრი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2016 წელს დააკავეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით რუსეთს ყირიმელ თათრებში გაუცვალეს.

მოულოდნელი „რომანი“

ჟურნალისტ-გამომძიებლებმა დაადასტურეს, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის არსებობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციასთან. მან ევროკავშირის საზღვრები მკვლელობამდე გადაკვეთა, რისთვისაც 1981 წელს დაბადებული რომან დავიდოვის“ ყალბი საბუთები გამოიყენა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2019 წლის 29 ივნისს ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთის პასპორტის მიხედვით, 1981 წელს დაბადებული „რომან დავიდოვი“ იყო, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სლოვაკეთის საკონსულოში ტურისტული კომპანიის შუამავლობით წარადგინა განცხადება ერთწლიანი შენგენის ვიზის მოთხოვნით. სავიზო კითხვარში მან ჩაწერა, რომ პეტერბურგში ცხოვრობდა და ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა. ეს ყველაფერი სიცრუე იყო - ადამიანი ასეთი გვარითა და სახელი არ არსებობს, ისევე როგორც ის კორპუსი, რომელიც „რომან დავიდოვმა“ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა.

„რომან დავიდოვი“ 1981 წელს კი არა, სლოვაკეთის საკონსულოში ვიზიტამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე „დაიბადა“, საზღვარგარეთის პასპორტი ასეთ პიროვნებაზე 2019 წლის 18 ივლისს, ქალაქ ბრიანსკში გაიცა. საგადასახადო ბაზაში „რომან დავიდოვი“ ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა. კომპანია „რუსტ-ი“, რომელმაც „დავიდოვს“ მათთან დასაქმებულის ცნობა ვითომ მისცა, უკვე რამდენიმე წელია რესტრუქტურიზაციის მდგომარეობაშია და 2016 წლიდან გადასახადებს არ იხდის. ფორმალურად, 2019 წელს ამ კომპანიაში დასაქმებული იყო მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს „რომან დავიდოვი“ არ გახლდათ.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ სლოვაკეთმა ამ არარსებულ პირს მრავალჯერადი შენგენის ვიზა იმავე დღეს მისცა.

„რომან დავიდოვი“ არ ყოფილა ერთადერთი არარსებული ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს შენგენის ვიზაზე განცხადება შეიტანა. მეორე ასეთი ადამიანი „ვადიმ სოკოლოვი“ (იგივე ვადიმ კრასიკოვი) იყო, ოღონდ ის მოსკოვში მდებარე საფრანგეთის საკონსულოში მივიდა. „სოკოლოვმაც“ თავისი არსებობის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, როდესაც ისევ ქალაქ ბრიანსკში მის სახელზე საზღვარგარეთის პასპორტი გასცეს. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, „ვადიმ სოკოლოვის“ პასპორტის ნომერი მხოლოდ ბოლო ორი სიმბოლოთი განსხვავდება „რომან დავიდოვის“ პასპორტის ნომრისგან. საგადასახადო ბაზაში ორივე მათგანი 2019 წლის 23 ივნისს გაჩნდნენ და ორივეს სამუშაო ადგილად კომპანია „რუსტ-ი“, ხოლო თანამდებობად ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო მითითებული. ამ კომპანიის დირექტორმა The Insider-ს ვერ აუხსნა, როგორ გაჩნდა მისი ხელმოწერა „დავიდოვისა“ და „სოკოლოვის“ დოკუმენტებზე.

„სოკოლოვმაც“ უპრობლემოდ მიიღო შენგენის ვიზა. სამი კვირის შემდეგ „ვადიმ სოკოლოვმა“, იგივე ვადიმ კრასიკოვმა ბერლინში მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი. „რომან დავიდოვი“ კი ევროკავშირიდან უკან, რუსეთში დაბრუნდა.

რომან დავიდოვის ფოტო

რას აკეთებდა ევროპაში „რომან დავიდოვი“ და რა როლი შეასრულა მან ხანგოშვილის მკვლელობაში, ბოლომდე ნათელი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს, ის პოლონეთში ბელარუსის ტერიტორიიდან ავტომობილით შევიდა, 4 დღის შემდეგ კი იმავე გზით დაბრუნდა უკან. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს. ცნობილია, რომ ვადიმ კრასიკოვი ბერლინში პოლონეთის ტერიტორიიდან ჩავიდა. სავარაუდოდ, სწორედ პოლონეთში გადასცეს მას მკვლელობის იარღი. ამასთან, ბერლინში კრასიკოვმა მხოლოდ ერთი დღე დაჰყო, თუმცა მის განკარგულებაში უკვე იყო ველოსიპედი, ელექტროსკუტერი (ის მოდელი, რომელიც გერმანიაში არ იყიდება), იცოდა როდის და სად იქნებოდა მსხვერპლი. ეს იმაზე მიუთთებს, რომ კრასიკოვს ეხმარებოდნენ და „დავიდოვი“ მისი ერთ-ერთი თანამზრახველია.

ის, რომ „დავიდოვი“ კრასიკოვს ეხმარებოდა, ჩანს რუსეთში ნაქირავები ავტომობილის (Infiniti Q50) გადაადგილების შესახებ ინფორმაციით. Bellingcat-ის განკარგულებაში არსებული საგზაო კამერების მონაცემებით, 2019 წლის ივლისში „დავიდოვი“ მოსკოვში ხშირად იყო იმ ბულვარში, რომლის სიახლოვესაც კრასიკოვი ცხოვრობდა, გარდა ამისა, ის იმყოფებოდა ბალაშიხაში, სადაც კრასიკოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ბაზაზე საბრძოლო მომზადებას გადიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „დავიდოვის“ როლი ბერლინის მკვლელობაში ბოლომდე არ არის ნათელი, გამომძიებელი ჟურნალისტების განცხადებით, თავად მისი მონაწილეობის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დამაკავშირებელი რგოლია კრასიკოვსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ საზღვარგარეთ მოწყობილ მკვლელობებს შორის.

სტამბოლის მკვლელობები

2015 წლის 1-ელ ნოემბერს აბდულვახიდ ედილგერიევი სტამბოლში, საკუთარი ბინიდან გამოვიდა და საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. მას გვერდით ახალგაზრდა დისშვილი ეჯდა. ის ის იყო ავტომობილი დაქოქა, რომ უკნიდან თეთრი მანქანა მიადგა და დაბლოკა. აბდულვახიდმა მოასწრო და გასროლამდე დისშვილს ხელი ჰკრა. მკვლელებმა მიზანს ააცილეს. აბდულვახიდი მანქანიდან გადახტა და გაიქცა, მაგრამ ზურგში ესროლეს. მამაკაცი ხელგამოჭრილი იპოვეს, მას ხუთი ტყვია ჰქონდა მოხვედრლი.

ედილგერიევს ხანგოშვილთან ბევრი არაფერი აქვს საერთო თუ არ ჩავთვლით მის მონაწილეოას ჩეჩნეთის ომში. მათ ბიოგრაფიებში კიდევ ერთი საერთო დეტალია - ორივე უკრაინაში ცხოვრობდა - ედილგერიევი ომში უკრაინის მხარეზე იბრძოდა (ზოგიერთი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, იგივე ომში მონაწილეობდა ხანგოშვილიც). სხვა მხრივ მათი ბიოგრაფიები განსხვავდება: ედილგერიევი რადიკალი ისლამისტი იყო, ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიური ემირატის“ მთავარი ფიგურა, ის სირიაშიც კი იბრძოდა ალ ქაიდას/ალ ნუსრას ტერორისტებთან ერთად.

თურქეთის პოლიციამ მოგვიანებით გააცრცელა ინფორმაცია, რომ აბდულვახიდ ედილგერიევის მკვლელობაში სულ მცირე რუსეთის სამი მოქალაქე მონაწილეობდა. გამოძიების ცნობით, თეთრი ავტომობილი იქირავა მამაკაცმა, რომელსაც პასპორტს მიხედვით „ალექსანდრ ნასიროვი“ ერქვა და სტამბოლში 11 სექტემბერს ჩავიდა. იმავე „ნასიროვმა“ დაიქირავა მეორე ავტომობილიც - ორივე მათგანი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ იალოვაში მიტოვებული იპოვეს. თავად „ნასიროვი“ უკან რუსეთში მკვლელობამდე, 16 სექტემბერს დაბრუნდა. მისი ორი თანამზრახველი - სმირნოვი“ დაანისიმოვი“ თურქეთში იმავე პერიოდში ჩავიდნენ, რა პერიოდშიც „ნასიროვი“ (11-13 სექტემბერი). პოლიციას სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები დარჩა, სადაც მათი სახეები ჩანს. კამერების წყალობით იმის დადგენაც მოხერხდა, რომ თანამზრახველები ერთმანეთს მათი სასტუმროებიდან არცთუ მოშორებით ხვდებოდნენ ხოლმე.

ცხელ კვალზე მათი დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ დაახლოებით ნახევარ წელიწადში, 2016 წლის 6 აპრილს ისევ ჩავიდნენ თურქეთში და რა თქმა უნდა, მაშინვე დააკავეს. თურქეთის ციხეში დიდხანს არ გაჩერებულან - ერთ წელში ისინი ყირიმელი თათრების მეჯლისის ორ წევრზე გაცვალეს. რუსულ მედიაში გაცვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ყველაფერი ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ყირიმელი თათრების გათავისუფლება რუსეთის ხელისუფლების კეთილი ნება იყო.

ფრენების მონაცემთა ბაზაში ჩანს, რომ სტამბოლში მომხდარი მკვლელობის სამივე მონაწილეს ერთამანეთის მსგავსი პასპორტის ნომრები ჰქონდათ. ამავე ბაზიდან ირკვევა, რომ ეს არ იყო მათი პირველი ერთობლივი მოგზაურობა სტამბოლში - ამ ქალაქში ისინი 2014 წლის 10 დეკემბრის დილით ჩაფრინდნენ. იმავე დღეს მოკელს ცნობილი უზბეკი იმამი მირზაგოლიბ ხამიდოვი (აბდულა ბუხარი), რომელიც უზბეკის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში იყო.

მაშინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე, 2014 წელს, მათ რედაქციას მიმართა თურქული სპეცსამსახურების ვეტერანმა, რომლის თქმითაც, მას ესაუბრა ადამიანი, რომელმაც თავი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად წარუდგინა და უთხრა, რომ დაქირავებული მკვლელების დაჯგუფებას აკეთებდა, არსებობდა თურქეთში მცხოვრები პირების 15-კაციანი სია, რომელთა მოკვლას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აპირებდა. ვეტერანის თქმით, თითოეულის ლიკვიდაციის სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებლი. BBC-ის რესპონდენტის განცხადებით, იმ სიაში ხამიდოვიც იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ კრემლისა და ხამიდოვის ინტერესები არანაირად არ იკვეთებოდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა უზბეკეთის ხელისუფლებასთან ერთგვარი ბარტერული გარიგების ნაწილი იყო.

FSB– შესანიშნავი შვიდეული

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ „სმირნოვის“, „ანისმოვისა“ და „ნასიროვის“ გარდა, პასპორტის მსგავსი ნომერით (განსახვავდება მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი ციფრი) კიდევ ოთხი ადამიანი იპოვეს, თუმცა ისინი რუსეთის არცერთ ბაზაში არ იძებნებიან. შვიდიდან ექვსი 2015 წლის ივლისში ან აგვისტოში პრაღაში გაფრინდა. ექვსიდან ხუთის გზები 23 ივლისს გადაიკვეთა. გაურკვეველია, რა მოხდა პრაღაში, მაგრამ, როგორც ჩანს ვიღაცას „ძალიან გაუმართა“.

რომან ნიკოლაევს“, რომელმაც ასევე იმოგზაურა პრაღაში, პასპორტის ფაილში ის ფოტო აქვს, რომელიც „რომან დავიდოვმა“ სავიზო განცხადებას დაურთო. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამგვარად დგინდება ორი სახელი, რომლებსაც ვინაობის დასამალად იყენებდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის დამხმარე. უცნობია, ისიც მონაწილეობდა თუ არა, სტამბოლში მომხდარ მკვლელობებში.

„რომან დავიდოვ-ნიკოლაევის“ გარდა „შესანიშნავი შვიდეულის“ სულ მცირე ერთ წევრს ჰქონდა შეხება ვადიმ კრასიკოვთან. სატელეფონო ზარების მიხედვით, კრასიკოვის ერთ-ერთი ძირითადი კონტაქტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე ანდრეი მიტრაკოვი იყო. პასპორტის მიხედვით, ის 1970 წელს არის დაბადებული.

ამ ჯგუფის შვიდი წევრიდან მინიმუმ ორი გაყალბებული იდენტობებით მოგზაურობდა რუსეთის შიგნითაც, 2014 და 2015 წლებში ისინი ყირიმში იმყოფებოდნენ. ამ ორი პირის პასპორტებიც სპეციალური სერიიდანაა. იმავე სპეციალური სერიის პასპორტი აქვს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილებავიმპელის“ პოლკოვნიკს, იგორ ეგოროვს („იგორ სემნოვი“), რომელიც უკრაინაში ჩეჩენის მკვლელობაში ფიგურირებდა. ცნობილია, რომ ეგოროვი ხშირად მოგზაურობდა გერმანიაში, იქ იყო 2019 წლის ივლისში, თუმცა უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობაში.

საგამოძიებო მასალის ავტორების თქმით, გამოძიება მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტის გამო: პირველი – ის ადასტურებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ მონაწილეობდა და შესაძლოა დანაშაულს სულ მცირე 5-კაციანი ჯგუფი გეგმავდა; მეორე – დასტურდება, რომ „მკვლელების ჯგუფს“ პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ყოველგვარ ეჭვს სპობს ის, რომ დაჯგუფების წევრებისა და FSB–ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მაგალითად პოლკოვნიკ იგორ ეგოროვის პასპორტების სერია ერთმანეთს ემთხვევა; მესამე – შესაძლოა საიდუმლო ოპერაციების მონაწილეების შესახებ ცრუ და შეცდომაში შემყვანი „მინიშნებები“ სპეციალურად ვრცელდება იმისთვის, რომ სპეცსამსახურებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს. ინფორმაციის ვითომ გაჟონვის სამიზნე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და გამორიცხული არ არის, სამართალდამცავი ორგანოებიც არიან; მეოთხე – გამოძიება აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვიზის გაცემის სისტემა დაუცველია - ამ კვლევამ პირველად დაადასტურა ერთი ადამიანის მიერ ორი ყალბი იდენტობის – სხვადასხვა დროს დაბადებული „რომან დავიდოვი“ და „რომან ნიკოლაევი“ – გამოყენება. შენგენის ვიზა მისცეს ორივე პერსონას, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე თეორიულად, სავიზო განცხადებების დროს მოპოვებული ბიომეტრიული მონაცემების წყალობით, ასეთი რამ შეუძლებელი უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]