weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ექსკურსიაზე მოსწავლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

18:46 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ექსკურსიაზე 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გულგრილობაში ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატების განცხადებით, პედაგოგები ნ.ს და ვ.ქ. ბრალს არ აღიარებენ. საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.

პროკურატურამ გამოძიების შედეგები სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალებიდან 13 თვის შემდეგ, გუშინ გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლა „ალბიონის“ დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, მე-12 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერის მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

„დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა.

პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ნინოსხევის ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა.

ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია“, – აცხადებს პროკურატურა.

პედაგოგებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურამ სკოლა „ალბიონის“ ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე მიმართა. რაც შეეხება ნ.ს.-ს, პედაგოგიურ საქმიანობას ის აღარ ეწევა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]