„საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის - „ნაყიდი COVID 19“ და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03-21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
საგამოძებო უწყების მტკიცებით, 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით.
როგორც სუს-ი აცხადებს, გამოკითხული იქნა რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი, რის შედეგად „უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ“.
სუს-ის განცხადებით, ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 26 ივნისს, „მთავარი არხის“ 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს, მოქალაქე არკინაზ გულიევას ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი, როგორც სუს-ი ამტკიცებს, დიამეტრალურად განსხვავდება „შაბათის მთავარში“ გასული თარგმნისგან.
სუს-ის ინფორმაციით, გამოიკითხნენ ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, კონკრეტული ოჯახების შესახებ, ვისაც ფული შესთავაზეს მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ.
„გამოკითხულ პირთაგან ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას“, – აღნიშნავს საგამოძიებო უწყება.
სუს-ის განცხადებით, აშკარად იკვეთება, რომ „ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის ხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას“.
„ეს იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას“, – აცხადებს სუს-ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეს საბოტაჟის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. სისხლის სამართლის საქმე 2020 წლის 16 მარტს აღიძრა მას შემდეგ, რაც სუს-ში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა (მათ შორის, ელექტრონული) საშუალების გამოყენებით, ცდილობდნენ ყალბი ამბების გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და მასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სუს-ის განცხადებით, ამ ქმედების მიზანი იყო მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა, შიშის, უნდობლობის, პანიკის და ქაოსის გამოწვევა.