weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

10:10 ორშაბათი, 06 ივლისი 2020

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები“, – განაცხადა ჩხენკელმა.

2020 წლის საგამოცდო პროცესი დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

„წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას. ეს გამორჩეული თაობაა, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. მჯერა, რომ ასეთივე წარმატებით, ისინი თავს გაართმევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისსა და რეგიონებში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრზე მეტი. გამოსაცდელებს მიეცათ შესაძლებლობა საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, გამოცდა პირბადის გარეშე დაწერონ. ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. თუ საგამოცდო სექტორში სიცხე 30 გრადუსს მიაღწევს, ჩაირთვება კონდიციონერი - ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება პირბადის გაკეთება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]