weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 112-ში შესული ზარის ჩანაწერი გამოაქვეყნა

16:06 სამშაბათი, 07 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა „112“-ში შესული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერი, რომელიც, სამინისტროს განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ ტრაგედიის ღამეს განახორციელა.

ჩანაწერის მიხედვით, იაკობ ბრეგვაძე „112“-ის ოპერატორს მომხდარი ჩხუბის შესახებ აწვდის ინფორმაციას და ითხოვს, პოლიცია მალე მივიდეს.

„მანქანით მოვიდნენ. წამოვედი, დავიმალე იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა, ჩავრეულიყავი. მათ იარაღები ეჭირათ - ჯოხის ან რკინის რაღაც ალბათ. ოღონდ მალე მოდით, იმიტომ, რომ შეიძლება მანქანით რომ არიან, წავიდნენ. დაშავებულებიც იქნებიან“, – ისმის ჩანაწერში.

როდესაც ოპერატორი იაკობ ბრეგვაძეს უკან ურეკავს, ბრეგვაძე პოლიციის გამოძახების გაუქმებას ითხოვს იმ მიზეზით, რომ ჩხუბის მონაწილეები უკვე დაიშალნენ.

შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე მას შემდეგ იპოვა, რაც პოლიციის გამოძახება გაუქმებული იყო.

„ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება, თუ რა მოხდა. ბრეგვაძე განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას, მასში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ, იგი თბილისის მიმართულებით მიემართება ე.წ. ავტოსტოპით და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მას გარკვეულ კითხვებს უსვამს და ეს ცალსახად გენერალური ინსპექციის გასარკვევია, რის შემდეგაც იაკობ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით პროკურატურას გადაეცემა.

ვლადიმერ ბორცვაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად „შკოდას“ ფირმის ავტომობილი გაგზავნა. გიორგობიანმა რამდენიმე დღის დაადასტურა, რომ იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით - ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, რადგან გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც ვითომ მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილი და არის ტაქსი. ტაქსის მძღოლი დადგენილია, გამოკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით - მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემმა კოლეგამ, ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ ფირმის ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. გელაშვილი მაგ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, მის საცხოვრებულ სახლში. ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი. შსს-ს არ გამორიცხავს, ახალგაზრდის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 22 ივნისს, მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]