თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ხოლო ერთი შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება. მისივე თქმით, ახალ ინფიცირებულებს შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„დღევანდელი მონაცემებით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 958 და ახლა არის 963 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი პაციენტია. იყო 838 და ამჟამად არის 841“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ამჟამად ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202. კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 15 პაციენტია გარდაცვლილი.