weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ტიბაანში „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

20:11 პარასკევი, 10 ივლისი 2020

სიღნაღის სოფელ ტიბაანში 52 წლის კაცი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. სოფელში მერის წარმომადგენლის, ლია მაძღარაშვილის ინფორმაციით, ა.ო.-მა თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფელ ტიბაანში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ა.ო. მარტო ცხოვრობდა.

„დაახლოებით ორი თვის წინ ჩემთან იყო მოსული. მითხრა, რომ უმუშევარი იყო და სოციალური დახმარების მიღება უნდოდა. შემდეგ, არ ვიცი, მგონი, მიაკითხა კიდეც სოციალური მომსახურების სააგენტოს“, – უთხრა „რეგინფოს“ ლია მაძღარაშვილმა.

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ა. ო. ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომელი იყო და ერთ-ერთია იმ 84 ადამიანიდან, ვისაც კომპანია 14 თვეა ხელფასს არ უხდის. ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობა ა.ო.-ს ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ა.ო.-ს და „ფრონტერას“ სხვა უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომლებიც ასევე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პროფკავშირების გაერთიანება საკვები პროდუქტებით ეხმარებოდა.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები რამდენიმე თვეა პერიოდულად მართავენ აქციებს კუთვნილი ხელფასის მიღებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანიას 84 თანამშრომლის დაახლოებით მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.

„ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობა 1997 წელს დაიწყო. ბოლო წლებში კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავა მიმდინარეობს. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ აცხადებენ, რომ 2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა „ფრონტერას“ მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა დაადგინა, რაც საქართველოს მთავრობას კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას აძლევს. „ფრონტერა“ კონტრაქტის პირობების დარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს ჰქონდა, არ დაკმაყოფილებულა. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს „ფრონტერასთან“ გაფორმებული კონტრაქტის ვადა იწურება და შესაბამისად, ის ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]