შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.
„გამომდინარე იქიდან, რომ სისტემის ოპერატორის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისათვის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის, აუცილებელია, შეიქმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან და 5% და მეტი წილის ან აქციების გასხვისების, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების ან და საოპერაციო აქტივის გასხვისების წინასწარი (ex ante) რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამგვარი მექანიზმის შექმნას და ავალდებულებს სისტემის ოპერატორებს, წინასწარ აცნობოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან და 5% და მეტი წილის ან აქციების, ან საოპერაციო აქტივის მთლიანი ღირებულების 5%-ის, ან მეტის გასხვისების, ან და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვის თაობაზე“, – აღნიშნულია პროექტში.
კანონპროექტის თანახმად, თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან და საოპერაციო აქტივის გასხვისება.
კანონპროექტის მიხედვით, „აკრძალვის საფუძველი, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება, იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობა ან და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის-ოპერაციის შესაძლო ზეგავლენა“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ასეთი კანონი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას.