გარდა ამისა, დღეიდან დასაშვებია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება.
მთავრობის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.