საავადმყოფოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ სამ ახალგაზრდა ქალსა და ერთ მამაკაცს ამ დროისთვის კვლევებს უტარებენ და მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დილით, დაახლოებით 8 საათზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები ავტომობილში ისხდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.