weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აქვს - შსს

17:30 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს, რომელიც გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს, თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„ძალადობის კვალი არ აღენიშნება ნიშნავს იმას, რომ პირველადი დათვალიერებით, მას მექანიკური დაზიანებები, ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები და ძალადობის კვალი ვიზუალურად არ აღენიშნება. თუმცა, სასამართლო-სამედიცინო კვლევის მთავარი მიზანი არის ის, რომ დეტალურად შესწავლილი იქნეს შინაგანი ორგანოები, შესაძლო  მედიკამენტების და ვთქვათ, ნივთიერების მოხვედრის როლი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები და დგინდება, არის თუ არა ეს მედიკამენტები ბაჩალიაშვილის ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

„ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ჭელიძემ აღნიშნა, რომ საქმეზე თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგიც არის გამოკითხული.

მამუკა ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება შსს-ში 18 ივლისს, საღამოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო ძებნის ღონისძიებები, ხოლო 19 ივლისს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის „ჭკვიან“ კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი და ცხედარი შემთხვევით გავლილმა არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]