სოფელ მატანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დავით მამუკელაშვილის ინფორმაციით, 23 ივლისს, საღამოს, მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, სადაც იქეიფეს. სოფელ დუისში სამანქანო გზაზე ავტომობილით ქათამი გაიტანეს, რასაც იქვე მყოფ პირებთან შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მამუკელაშვილის თქმით, მატანში მცხოვრები 2 პირი სასტიკად ცემეს.
მატნის მოსახლეობა ინციდენტში მონაწილე ქისტების დასჯას ითხოვს. პოლიციამ მომხდარის შესახებ გუშინვე შეიტყო.
დღეს, დილით, მატანში, სკოლის ეზოში ადგილობრივები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ პანკისის ხეობაში შესასვლელი სამანქანო გზა გადაკეტონ და ქისტები არ გაატარონ.
აქციის ადგილიდან კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით გააძევეს და გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს.
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი ესწრებოდა, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტზე რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ზურაბ ბერიკაშვილს მიმართა. „ხომ არ უცემიხარ. თუ გცემდნენ, მაშინ ჩავერეოდით“, - განაცხადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ბერიკაშვილმა.
საყურადღებოა, რომ 2019 წლის 27 ნოემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში, 36 წლის ვისო მუთოშვილი შეიარაღებულმა პირებმა, დღისით, პოლიციის არაერთი თანამშრომლის თვალწინ მოკლეს და სამართალდამცავებმა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთეს.