გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ვტომობილის მართვას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.