weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოთხ წელში ცესკოს თავმჯდომარემ ანაზღაურების სახით 654 936 ლარი მიიღო - ISFED

14:05 სამშაბათი, 28 ივლისი 2020
ფოტოზე ცესკოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფოტოზე ცესკოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016-2019 წლებს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით 654 936 ლარი მიიღო. აქედან თანამდებობრივი სარგო 444 159 ლარია, დანამატი - 142 226 ლარი, ხოლო პრემია/ჯილდო - 68 550 ლარი. აღნიშნულ პერიოდში, ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს 47% შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 197 307 ლარი შეადგინა, საიდანაც თანამდებობრივი სარგოს ჯამი 101 598 ლარია, სახელფასო დანამატის - 63 809 ლარი, ხოლო პრემია - 31 900 ლარი.

„თავმჯდომარის მიერ მიღებულმა დანამატმა და პრემიამ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 95.2% შეადგინა. 2016 წელს ცესკოს თავმჯდომარემ დანამატი ან/და პრემია ყველა თვეში მიიღო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის კვლევის მიხედვით, 2017 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 149 174 ლარი შეადგინა, საიდანაც თანამდებობრივი სარგოს ჯამი 83 174 ლარია, სახელფასო დანამატი - 41 250 ლარი, პრემია - 24 750 ლარი. თავმჯდომარის მიერ მიღებულმა დანამატმა და პრემიამ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 79.4% შეადგინა. 2017 წელს ცესკოს თავმჯდომარეზე დანამატი ან/და პრემია 8 თვეში გაიცა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს 1 იანვრიდან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო დარიცხული 5 500 ლარიდან 8 500 ლარამდე (54.5%-იანი მატება) გაიზარდა. ამ წელს თამარ ჟვანიას ჯამურმა ანაზღაურებამ 170 438 ლარი შეადგინა, საიდანაც თანამდებობრივი სარგოს ჯამი 139 839 ლარია, სახელფასო დანამატი - 20 400 ლარი, ხოლო ჯილდო - 10 200 ლარი. თავმჯდომარის მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 21.9% შეადგინა.

„2018 წელს ცესკოს თავმჯდომარეზე დანამატი ან/და ჯილდო 8 თვის განმავლობაში გაიცა, თუმცა თანამდებობრივ სარგოსთან დანამატის და ჯილდოს პროცენტული წილი შემცირდა, რისი მიზეზიც გაზრდილი თანამდებობრივი სარგოა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

2019 წელს თამარ ჟვანიას ჯამურმა ანაზღაურებამ 138 015 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან თანამდებობრივი სარგოს ჯამი 119 548 ლარია. სახელფასო დანამატი - 16 767 ლარი, ჯილდო - 1700 ლარი. თავმჯდომარის მიერ მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 15.4% შეადგინა. 2019 წელს ცესკოს თავმჯდომარეზე დანამატი ან/და ჯილდო 5 თვის განმავლობაში გაიცა.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 582 574.6 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგო - 398 784 ლარია, დანამატი - 121 970 ლარი, ხოლო პრემია/ჯილდო - 61 820 ლარი. ოთხ წელში, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ მიღებულმა პრემიამ/ჯილდომ და დანამატმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს 46 1% შეადგინა.

2016-2019 წლებში ცესკოს მდივანმა, ჯამურად, ანაზღაურების სახით 572 836 ლარი მიიღო, აქედან თანამდებობრივი სარგოა - 392 562.8 ლარი, დანამატი - 119 674 ლარი, პრემია/ჯილდო - 60 600 ლარი. პრემია/ჯილდოს და დანამატის ჯამური რაოდენობა სარგოს 45%-ს შეადგენდა.

ანგარიშის ავტორების ერთ-ერთი მიგნებაა ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამდებობრივი სარგოს მატების კრიტერიუმები, პერიოდულობა და პროცენტული მოცულობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, ანგარიშის ავტორების განცხადებით, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდა სარგოს მატება 2018 წელს.

ორგანიზაციის შეფასებით, 2018 და 2019 წლებში ჯილდოს და დანამატის გაცემის სიხშირე და მოცულობა შემცირებულია, რაც პოზიტიურ ტენდენციას წარმოადგენს.

„მაგალითად, ცესკოს თანამდებობის პირების მიერ მიღებული დანამატის წილი ჯამურ ანაზღაურებაში 2016 წლიდან 2019 წლამდე 32.3%-დან 12.1%-მდე შემცირდა, ხოლო პრემიის/ჯილდოს წილი - 16.2%-იდან 1.2%-მდე. თუმცა ეს ცვლილება მოხდა თანამდებობრივი სარგოს გაზრდის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დანამატი და პრემია/ჯილდოზე გამოყოფილმა თანხებმა თანამდებობრივ სარგოში გადაინაცვლა“, - ნათქვამია ანგარიშში.

2018-2019 წლებში შტატით მომუშავეების შემთხვევაშიც კლების ტენდენცია ფიქსირდება ჯამურად მიღებული დანამატის და პრემია/ჯილდოს წილის თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით.

„თუმცა, თუკი 2016-2018 წლებში თანამდებობის პირების, ცესკოს წევრების და შტატით მომუშავეების დანამატის წილი თითქმის იდენტური იყო, 2019 წელს შეიმჩნევა განსხვავება (შტატით მომუშავეების მიერ მიღებული დანამატის წილი (7%) 2-ჯერ ნაკლებია თანამდებობის პირებისა და ცესკოს წევრების დანამატის წილზე (14%)). პრემიის წილის მხრივ საანგარიშო წლების მიხედვით განსხვავება თითქმის არ შეიმჩნევა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, საოლქო კომისიების წევრების მიერ მიღებულ ჯამურ ანაზღაურებაში დანამატისა და პრემია/ჯილდოს წილი ბევრად ნაკლებია თანამდებობის პირების და კომისიის წევრების მიერ მიღებული დანამატის და პრემია/ჯილდოს წილზე.

„მაგალითისთვის, 2016 წელს საოლქო კომისიის წევრების მიერ მიღებული დანამატის წილი ჯამურ ანაზღაურებასთან მიმართებით 8-ჯერ, ხოლო პრემიის წილი 3-ჯერ ნაკლები იყო თანამდებობის პირების და კომისიის წევრების მიერ მიღებული დანამატის და პრემიის წილზე. 2017 და 2018 წლებში სხვაობა იკლებს, მაგრამ 2019 წელს კვლავ იმატებს, როცა საოლქო კომისიების წევრების მიერ მიღებული დანამატის წილი (0.5%) 24-ჯერ ნაკლებია თანამდებობის პირების და კომისიის წევრების მიერ მიღებული დანამატის წილზე (12%)“, - ნათქვამია ანგარიშში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]