weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ხელისუფლება „ემპათიას“ მიმართ ზეწოლას ახორციელებს

17:32 სამშაბათი, 28 ივლისი 2020

ცენტრი „ემპათია“, რომელიც გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებშია ჩართული, ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლაზე საუბრობს. დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ბოლო დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები „ემპათიას“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და „ემპათიას“ პრეზიდენტის, მარიამ ჯიშკარიანის მიმართ.

ორგანიზაციის იურისტის, გიორგი ლემონჯავას განმარტებით, ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოცილურ ქსელებში ორგანიზებულ შეტევებს.

„ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეო გადაღება; სასამართლო სამდეიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ პირისპირ კომუნიკაციის, ასევე, სატელეფონო ზარების მეშვეობით; ცენტრ „ემპათიას“ და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს.

ყველა ზემოთხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ Facebook-ში ასობით რეგისტრირებული მომხმარებლის - ტროლებისა და ბოტების მიერ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, რომლის მიზანია ცენტრ „ემპათიასა“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციიის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია“, - ნათქვამია „ემპათიას“ განცხადებაში, რომელიც გიორგი ლემონჯავამ წაიკითხა.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, „ემპათიას“ მიმართ „იერიში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში გალინა კარმუშინას ჩართვის შემდეგ გაძლიერდა.

„ასეთი ქმედება დამახასიათებელი ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ამის განხორციელებას ვინ შეძლებს, ხელსიუფლების გარდა? ამიტომ მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, უკვე მივმართეთ სახალხო დამცველს და ალბათ ამის თაობაზე სხვაგანაც იქნება მიმართვა...

ამგვარი მეთოდებით რუსეთში სპეცსამსახურები მოქმედებენ, ამგვარი მეთოდებით მოქმედებდნენ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს და ვიცით, ზუსტად იგივე ხელწერაა. როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურების არ გვეშინოდა, ახლა ნამდვილად ვერავინ შეგვაშინებს. თუ შეიძლება, შეწყვიტონ, თორემ, როგორ უნდა შეშინება, დავანახებთ სამართლებრივად“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მიხეილ რამიშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს. როგორც მან აღნიშნა, იმ პერიოდშიც უთვალთვალებდნენ, როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი იყო.

„ემპათია“ შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გაატარონ სათანადო ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე ზეწოლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]