weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19-ის იმპორტირებული შემთხვევების 46.6% რუსეთზე მოდის

16:25 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020
არქივისი ფოტო: საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საქართველო-რუსეთის საზღვარი არქივისი ფოტო: საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საქართველო-რუსეთის საზღვარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების ყველაზე დიდი წილი - 46.6% (127 შემთხვევა) რუსეთზე მოდის. ანგარიში 2020 წლის 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, როდესაც კორონავირუსი 980 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული. აქედან იმპორტირებული შემთხვევების რიცხვი 272-ს შეადგენდა.

იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა თურქეთი 8.4% (23 შემთხვევა), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 8% (22 შემთხვევა) და სომხეთი - 7.7% (21 შემთხვევა).

11 ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 980 პაციენტიდან 499 (50.9%) კაცი იყო, 481 (49%) კი ქალი. პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური 9 თვე.

COVID-19 ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - სამეგრელო, ზემო-სვანეთსა და იმერეთში.  

ანგარიშის თანახმად, საქართველოში COVID-19-ით დაავადებული პირველი პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა 2020 წლის 26 თებერვალს, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან 16 მარტს გაეწერა. 11 ივლისის მდგომარეობით გამოჯანმრთელებულთა ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 851 (87%) ადამიანი.

ჰოსპიტალიზაციისას პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებოდათ ცხელება (54%) და ხველა (23,4%). შემთხვევათა 11%-ში სიმპტომები ჰოსპიტალიზაციისას არ აღინიშნებოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პაციენტების სტაციონარული ბარათებიდან მოპოვებულ იქნა ინფორმაცია ყველა ჰოსპიტალიზებულის თანმხლები დაავადებების შესახებ. 209 (26.1%) პაციენტს კორონავირუსული დაავადების გარდა ჰქონდა სხვადასხვა, უპირატესად ქრონიკული, დაავადება. პაციენტთა შორის ყველაზე ხშირი თანმხლები დაავადებებია ჰიპერტენზია (15.5%), გულ-სისხლძარღვთა სხვა ავადმყოფობები (7.4%) და დიაბეტი (6.8%).

„დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანმხლები დაავადებების არსებობის მიხედვით. იმ პაციენტებში, ვისაც არ აღენიშნებოდა თანმხლები ავადმყოფობები (73.9%), დაავადება 94.2%-ში მიმდინარეობდა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმით. თანმხლები ავადმყოფობების არსებობის შემთხვევაში, 24%-ში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშში.

ამასთან, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე განსხვავდებოდა თვეების მიხედვით. 2020 წლის ივნისში, აპრილის თვესთან შედარებით, მძიმედ და კრიტიკულად მიმდინარე დაავადების შემთხვევების წილი 25%-დან 2%-მდე შემცირდა.

11 ივლისისთვის კორონავირუსით გარდაცვლილი იყო 15 პაციენტი. ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, გარდაცვლილთა შორის 8 პირი დაინფიცირდა თბილისის, 3 - ქვემო ქართლის, 2 - აჭარის რეგიონში. 2 იყო იმპორტირებული შემთხვევა: ერთი აზერბაიჯანიდან, ხოლო მეორე - სომხეთიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]