weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტრანსგენდერი კაცი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლებს

16:56 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

ტრანსგენდერი კაცი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის თქმის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლებს. მისი განცხადება სტრასბურგში 1-ელ აგვისტოს გაიგზავნა.

აპლიკანტს სტრასბურგის სასამართლოში თბილისიდან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ლონდონიდან კი ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენენ. 

WISG-ის ცნობით, აპლიკანტმა 2015 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის (გენდერის მარკერის) შეცვლის მოთხოვნით მიმართა. სააგენტომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საკუთარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ აპლიკანტს არ წარმოუდგენია ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ნამდვილად აქვს „სქესი შეცვლილი“. 

ტრანსგენდერმა კაცმა სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ორი ინსტანციის სასამართლომ სააგენტოს მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის თებერვალში აპლიკანტის საჩივარი დაუშვებლად ცნო. 

სტრასბურგის სასამართლომ ცოტა ხნის წინ ფრანგულ საქმეზე გამოიტანა დასკვნა, რომლის თანახმად, გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა. ამ მუხლის გარდა, დაზარალებული ქართველი აპლიკანტი სახელმწიფოს კიდევ ორი მუხლით შეედავება - არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობა (მუხლი 3) და დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14), იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ოფიციალურ დოკუმენტებში მისი გენდერის მარკერის შეცვლა.

„გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, საქართველოს კანონდებლობით დღემდე არ რეგულირდება. ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის დადგენილი უფლებაშემლახავი პრაქტიკის გამო, გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულნი არიან ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები“, - აცხადებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]