weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აჭარის ტელევიზიიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს

21:48 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020
ფოტოზე ბაჩო გურაბანიძე, 26 ივნისის აქცია / © „ბათუმელები“ ფოტოზე ბაჩო გურაბანიძე, 26 ივნისის აქცია / © „ბათუმელები“

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან კიდევ სამი თანამშრომელი - გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე გაათავისუფლა. დირექტორის ეს გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტებმა აქციით გააპროტესტეს.

მაუწყებლის ადმინისტრაციის განცხადებით, სამი თანამშრომლის გათავისუფლების საფუძველი პირველ ივლისს მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დაპირისპირების ამსახველი და სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები არხის საინფორმაციო გამოშვებაში გაუშვეს. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ინციდენტზე დისციპლინური მოკვლევა დღეს დასრულდა.

ბაჩო გურაბანიძის ცნობით, დირექტორის ბრძანება ძალაში ხვალიდან შედის. მან ამ საღამოს მაუწყებლის შენობაში შესვლა და კოხრეიძესთან შეხვედრა სცადა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„მსგავსი ინციდენტები ხშირია, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებში, თუმცა ეს გახდა მიზეზი, რომ საფუძველი მოეძებნათ მაუწყებლიდან მათთვის არასასურველი პერსონების გაშვებისთვის. ეს ადამიანი გვებრძვის, ალტერნატიულ პროფკავშირს მტრად აცხადებს, ვერ აიტანა 26 ივნისის აქცია, რომელიც გავმართეთ. გიორგი კოხრეიძე აგრძელებს იმ რეპრესიებს, რომელიც მოსვლისთანავე დაიწყო“, - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ.

მას შემდეგ, რაც სამი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი, გადაცემა „ჰეშთეგმა“ პირდაპირი ეთერი პროტესტის ნიშნად შეწყვიტა და მაუწყებელთან მიმდინარე აქციას შეურთდა. გადაცემის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა, გიორგი არობელიძემ განაცხადა, რომ 26 ივნისის შემდეგ, როდესაც ალტერნატიულმა პროფკავშირმა აჭარის ტელევიზიის წინ აქცია გამართა და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტა, მაუწყებლის მენეჯმენტი პროვოკაციების მოწყობას ყოველდღე ცდილობდა. არობელიძის თქმით, ტელევიზიაში მტრული გარემოა შექმნილი და შეუძლებელია, ჟურნალისტმა სრულფასოვნად იმუშაოს.

„აქ შეკრებილ ადამიანებს მიგვაჩნია, რომ დირექტორის გადაწყვეტილება უსამართლოა და იმ სადამსჯელო სერიის გაგრძლებაა, რომელიც მისი მოსვლის დღიდან დაიწყო. ამ სამი ადამიანიდან ორი ალტერნატიული პროფკავშირის აქტიური წევრია. ისინი იბრძოდნენ სიტყვის თავისუფლების, პარტიული დღის წესრიგის წინააღმდეგ და დირექტორმა ისინი ამ აქტიურობისთვის დასაჯა. ამას არ შევეგუებით, იქნება პროტესტი“, - განაცხადა გიორგი არობელიძემ.

აქციას შეუერთდა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების განყოფლების უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე, რომელიც კოხრეიძის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს. ისიც მიიჩნევს, რომ ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ.

„სხვა შემთხვევაში, ეს ამბავი, რომელიც მათ გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, იქნებოდა გაფრთხილების საფუძველი, ამათ შემთხვევაში კი დისციპლინური დევნის საფუძველი აღმოჩნდა და ტელევიზია დაატოვებინეს ხალხს, რომელმაც არაერთი საინტერესო გადაცემა შექმნა აჭარის მაუწყებელში. მჯერა, რომ სიმართლეც იპოვის თავის გზას და გიორგი კოხრეიძე და მრჩეველთა ის გუნდი, რომელმაც ეს ქაოსი გამოიწვია, მაუწყებელს დატოვებს ძალიან სწრაფად. არ დავიშლებით, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“, - აღნიშნა მაია მერკვილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე 2019 წლის ნოემბერში აირჩიეს. მის სახელს უკავშირდება ტელევიზიიდან არაერთი ჟურნალისტის გათავისუფლება, რის გამოც კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]