weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იუსტიციის სამინისტროს სისტემა კვლავ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა

23:42 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

არასამთავრომო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. IDFI-ის შეფასებით, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა. 

IDFI-ის თანახმად, 2019 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (83%) ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. ორგანიზაციამ 2019 წელს, 2018 წლის მსგავსად, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დაასახელა. 

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს სულ გაეგზავნათ საჯარო ინფორმაციის 328 მოთხოვნა, საიდანაც 299 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული.

„ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი, რომელმაც გაგზავნილ ყველა მოთხოვნას სრულყოფილად უპასუხა. დანარჩენი უწყებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები 0%-დან 5%-მდე მერყეობს. მათ შორის, სამინისტროს დაქვემდებარებულმა 10-მა სსიპ-მა ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა და შესაბამისად, მათმა შეფასებამ 0%-შეადგინა.

იუსტიციის სამინისტრომ 22 მოთხოვნიდან 21 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 4.55% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ბოლო 5 წლის განმავლობაში IDFI-ს მიერ უკვე მესამედ დასახელდა როგორც, ყველაზე დახურული“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახელმწიფო ხაზინა.

იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების და სახელმწიფო ხაზინის გარდა, კიდევ 12 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც სრულად უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება. მათ შორის არის სასაზღვრო პოლიცია. დანარჩენი 11 დაწესებულება ადგილობრივი თვითმმართველობის მერია ან საკრებულოა. მათ შორის, აღსანიშნავია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელსაც 2018 წელსაც 0%-იანი მაჩვენებელი ქონდა.

ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ - 99% და საქართველოს პარლამენტის აპარატმა - 98,3%, ხოლო ყველაზე დაბალი, იუსტიციის სამინისტროს შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ (27,84%); 

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ცენტრალური დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გააუმჯობესა ფინანსთა სამინისტრომ (+30,63%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (+29.92%), ხოლო ყველაზე მეტად გააუარესა მთავრობის ადმინისტრაციამ (-23,16%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]