აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა და მას ოპოზიციური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შესაძლოა სასამართლოს მიმართონ.
„ქალაქ ლაგოდეხს ორი მდინარე აქვს და ტონა წყალზე 42 თეთრს გვიწესებენ. ეს ჩვენი ოჯახების ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ხელისუფლების მხრიდან თავხედობაა. მოხდეს მრიცხველების დემონტაჟი და წყლის გადასახადი ისევ იყოს სულადობის მიხედვით, ოღონდ ეს სულადობრივი გადასახადი უნდა შეესაბამებოდეს მოქალაქეების მძიმე სოციალურ მდგომარეობას“, - განაცხადა აქციაზე საკრებულოს დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ენუქიძემ.
მრიცხველების გაუქმების მოთხოვნით ლაგოდეხელებმა აქცია ივნისის დასაწყისშიც გამართეს. მაშინ მათ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი გიგა მანდარია შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ მრიცხველების არარსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს სამეურნეო მიზნებისთვის იყენებს, რის გამოც ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებას ვერ უზრუნველყოფენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებლმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ კარლო ჯამბურიამ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზები აღმოფხვრილია და მოსახლეობა დაქლორილ და გაფილტრულ წყალს იღებს. რაც შეეხება ტარიფს, ჯამბურიას თქმით, მის შემცირებაზე მსჯელობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ.
„სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ლაგოდეხისთვის ცალკე ტარიფის განსაზღვრა. როგორც განგვიმარტეს, რამდენიმე ქალაქისთვის, მათ შორის, თბილისისთვის, ცალკე ტარიფია განსაზღვრული, ხოლო ლაგოდეხისთვის, როგორც დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის, 42-თეთრიანი ტარიფია წყალარინების (კანალიზაციის) გადასახადის გარეშე, ხოლო წყალარინებასთან ერთად, 8 თეთრი ემატება“, - განაცხადა „რეგინფოსთან“ კახა ჯამბურიამ.
მისივე თქმით, ლაგოდეხელები სასმელ წყალს სარწყავადაც იყენებენ, რის გამოც მეტ წყალს მოიხმარენ და დიდი გადასახადიც ერიცხებათ. კარლო ჯამბურიას ინფორმაციით, სარწყავი არხები მოსახლეობის ნაწილს გაუყვანეს, ნაწილი კი ამ სისტემაზე ჯერ არ გადართულა.
„ადრე წყლის გადასახადი სულზე 30 თეთრი იყო. დიახ, არიან ოჯახები, ვისაც 100 ლარზე მეტი ერიცხებათ. მე პირადად რამდენიმე ასეთ ოჯახში ვიყავი, ვურჩევდით შეემოწმებინათ შიდა კომუნიკაციები - სადმე ხომ არ გასდიოდა წყალი, რაც ამ დანახარჯს იწვევდა. ნაწილმა რაღაც პრობლემები აღმოაჩინა, მიმართა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ და მათ ეს შეაკეთეს. დღესაც არიან მოქალაქეები, ვისაც დიდი დანახარჯები აქვთ. როგორც ვიცი, კომპანიამ იმ მოქალაქეებს, რომელთაც 50 ლარზე მეტი დავალიანება აქვთ, შესთავაზა ამ თანხის დროის გარკვეულ პერიოდში გადახდა. ეს თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება იყოს და სუფთა სასმელი წყალი გვქონდეს. რას ვიზამთ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერ მივაღწიეთ ტარიფის დაკლებას“, - ამბობს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე.
დღევანდელი აქციის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიამ განაცხადა, რომ მრიცხველების დემონტაჟი ვერ მოხდება. რაც შეეხება დავალიანების გადახდას, კომპანია აბონენტებს ვალის სამი თვიდან სამ წლამდე გადანაწილებას სთავაზობს.
ლაგოდეხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. პროექტზე 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.