weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სავარაუდოდ შაქარაშვილი იწვა, წიხლით სცემეს და წყალში ცოცხალი გადააგდეს - ექსპერტი

22:23 შაბათი, 01 აგვისტო 2020

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბესიკ კილასონია ვარაუდობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მიწაზე იწვა და წიხლებით სცემდნენ, რა დროსაც პირზე ხელს აფარებდნენ. 

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბესიკ კილასონიამ თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები ფეხის ძლიერი მოქნევით აქვს მიყენებული, რადგან ასეთი კვალის დატოვება მუშტს არ შეეძლო, ხოლო ქვით ან რკინით ცემა მოტეხილობას გამოიწვევდა. პროფესორის ვარაუდით, შაქარაშვილი ცოცხალი ჩააგდეს წყალში, სადაც ის ძალიან მოკლე დროში დაიხრჩო.

„ვარდაუს გამოვთქვამ და როცა იქნება სპეციალისტების კომპლექსური საქმის მასალებით ექსპერტიზა, ალბათ, უნდა დაისვას ეს საკითხი… ვთხოვ, იფიქრონ რაზე: გვამის გამოკვლევის დროს აღწერილია თვალის სკელარზე და ქუთუთოების ლორწოვან გარსზე მრავლობით სისხლჩაქცევები. არ წერია ზომები და რადგან მრავლობითია, მე ვგულისხმობ, რომ ეს არის წერტილოვანი მრავლობითი ჩაქცევები, იმიტომ, რომ სხვები ზომებითაა მითითებული; მეორე - აღწერილია ტარდიეს ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. რაც მთავარია, საეჭვო რა არის - ტუჩების არეში, მარცხენა მხარეს გამშრალი სიგრძივი უბანია, ხოლო მეორე მხარეს - ქვედა და ზედა ტუჩზე, ლორწოვანი ზედა ტუჩის ქობის გასწვრივ სიგრძივი ნასკდომები. საეჭვრო რა არის კიდევ - 

პოზაზე შემიძლია ვიმსჯელო, რომ ცემის დროს გულაღმა იწვა. წიხლით არის ნაცემი მენჯის, საზარდულის მიდამოში, მაგრამ ის მეორე ვერ მოახერხებდა სახის არეში დაზიანებებს. ესე იგი, იმ დროს ერთდროულად მინიმუმ ორი ადამიანი იყო. 

რადგან თეძოს ძვლის ზევით ტუჩებამდე სხვა დაზიანება არ აქვს, ვიღაც ეფარებოდა და ხელით... შეიძლება შველას ითხოვდა და ამ დროს, როცა აჭერენ (პირზე ხელს), მაშინ არის ლორწოვანის დასკდომა, მაშინ არის წერტილოვანი სისხლჩაქცევები, მაშინ არის ტარდიეს ლაქები. შესაძლებელია, ორი-სამი წუთის შემდეგ... ყველაზე ძლიერ კაცს ერთი-ორი წუთი ჰყოფნის ჰაერი, მერე იწყება ქოშინი და სუნთქვის შეწყვეტა. ამ დროს ტვინის შერყევა რომ ყოფილიყო, სუნთქვა ექნებოდა და ვინც აზიანებდა, არ ჩათლიდა მკვდრად. თუკი სუნთქვა გაჩერდა, იფიქრეს შემოგვაკვდაო და გადააგდეს წყალში, მაგრამ ცოცხალი და აი, იქ დაიწყო ასფიქსიის ბოლო ტალღა. წყალი არის ჩასული, წყალში ცოცხალი მოხვდა”, - განაცხადა ბესიკ კილასონიამ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება. 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდაა დაკავებული, მათ შორის 6არასრულწლოვანია. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაემატა. პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]