„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. ასევე, უნივერისტეტებში, აუდიტორიებში. რასაკვირველია, ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე, სწავლის დაწყებას საშიშორება არ ემუქრება.
„15 სექტემბრამდე კიდევ დაახლოებით ერთი თვეა, ამიტომ სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ხაზს ვუსვამ, რომ დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს – ყოველდღიურად სამი, ოთხი, ხუთი, ათი, თხუთმეტი შემთხვევა – ეს სწავლის დაწყებისთვის პრობლემა არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სწავლის დაწყების შემდეგ ერთ ოთახში 20 ადამიანი ვერ დაჯდება.
„ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს იქ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება დერეფნებში, შესვენებებზე. მუშავდება ეს სტანდარტები სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებსა და უნივერისტეტებში სასწავლო პროცესი მარტში შეჩერდა. გაზაფხულის სემესტრის დასრულებამდე სწავლება დისტაცნიურად მიმდინარეობდა.