„წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, იმიტომ, რომ ეს ძალიან მზაკვრული გეგმა იყო. ეს ყველაფერი თვეების მანძილზე კეთდებოდა და შესაბამისად, ისიც იყო გამოკვლეული ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს „გამოიყენეთ თანხა“.
ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, ისედაც მიხვდებოდა, რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი თანხას გამოვიყენებდით. ამას დაწერა რად უნდოდა? ეს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამართლებული ყოფილიყო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ფულს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით აგროვებდა, თუმცა დედისთვის თანხის ოდენობა უცნობი იყო. თეონა თამაზაშვილმა განახადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, 75 000 ლარი ანაბარზე ერთიანად დაირიცხა, თუ ნაწილ-ნაწილ.
„რასაც შრომობდა აგროვებდა. რაც მუშაობს ალბათ იმ დღიდან აგროვებდა. არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ყოველ წუთს მეკითხა - აბა, რამდენი გაქვს ანაბარზე თანხა. „ზეგ“-ის იმან... მოვიდა და მითხრა, რომ იმხელა სამუშაოს აკეთებდა ჩემი შვილი, რომ... პირიქით, ეს საზღვარგარეთ ათჯერ და ოცჯერ მეტი ღირს, ვიდრე აქ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ეს კომენტარები გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შოთაძე დაპირდა, რომ საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ჩაერთვება და ყველა ექსპერტიზაში მიიღებს მონაწილეობას. თეონა თამაზაშვილის თქმით, ირაკლი შოთაძემ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია და თქვა, რომ ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს.