შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი“, – აცხადებს შსს.
სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. სამართალდამცველებს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
ახალქალაქში წუხელ კერძო პირის მფლობელობაში არსებული სასტუმრო და 4 სახლი გადაწვეს. არსებული ინფორმაციით, რბევა სოფელ კულიკამში მცხოვრები 27 წლის მამაკაცის მკვლელობას მოჰყვა. დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ცენტრალურ პარკთან მოხდა. დაჭრილია ერთი ადამიანი.