„პოლიცია მშობლებს ეუბნება, რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო“, – დაწერა პატარაიამ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამბის გახმაურების შემდეგ, გოგონა მშობლებს დააკავშირეს. Qartli.ge-ის ცნობით, არასრულწლოვანმა მშობლებს უთხრა, რომ სახლში ხვალ, 13 აგვისტოს დააბრუნებენ.
„საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა სამართალდამცველებს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.
„იმის მაგივრად, რომ პოლიციას დროული საგამოძოებო მოქმედებები ჩაეტარებინა, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია. მშობლებს განუცხადეს: რა განერვიულებთ, ოჯახს შექმნიანო.
შემდეგ, როდესაც განცხადების დაწერა მოითხოვეს, არც ეს განცხადება ჩაიბარეს განყოფილებაში. გატაცების ფაქტი მოხდა გუშინ, დაახლოებით 19 საათზე. გოგონამ მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ სახლში წაეყვანათ“, – ციტირებს Qartli.ge თამარ ლუკავას კომენტარს.
მოგვიანებით, გატაცებული გოგონას დედამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ მისი შვილის ადგილსამყოფელი დადგენილია და ის შეყვარებულმა გაიტაცა.
„იცნობდა, შეყვარებულები იყვნენ. ეს თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში იმიტომ, რომ ხშირად მიყავდა, მოყავდა და ენდობოდა, მაგრამ იქ მერე რა მოხდა და როგორ იყო, ეს ინფორმაცია აღარ მაქვს. ახლა ველაპარაკე, მითხრა ამა და ამ ადგილზე ვარო. უნდა ჩავიდეთ და წამოვყვანოთ“, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.