weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის ტელევიზია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის

16:07 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც ქარტიამ 20 ივლისს გამოაქვეყნა.

მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა, ემზარ პაქსაძემ აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები სიცრუესა და უზუსტობებზე იყო დამყარებული, რაც მიზნად ისახავდა მაუწყებლის დისკრედიტაციასა და მისი იმიჯის შელახვას. 

„კანონმდებლობა ერთადერთ საშუალებას გვაძლევს - მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ აღნიშნული ფაქტების უარყოფა, ასევე, მაუწყებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სიმბოლური თანხით - 1 ლარით“, – განაცხადა პაქსაძემ.

მისივე თქმით, სასამართლოს გზით მოითხოვენ იმ სამი ადამიანის დასახელებასაც, რომლებმაც მაუწყებლის მონიტორინგი განახორციელეს.

„ჩვენი ინფორმაციით ეს ადამიანები დაინტერესებული პირები არიან, რომლებსაც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ აქვთ ინტერესთა კონფლიქტი“, – აღნიშნა ემზარ პაქსაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის სარჩელთან დაკავშირებით კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, როცა სასარჩელო მოთხოვნებსა და მოსარჩელე მხარის არგუმენტებს გაეცნობიან.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული ანგარიში 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის მიზანი იყო დაკვირვება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის – გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ მაუწყებელში შეიცვლებოდა თუ არა სარედაქციო პოლიტიკა.

საინფორმაციო გამოშვებებთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვის/არგაშუქების ტენდენცია. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი, ძირითადად, დაცლილი იყო ხელისუფლების კრიტიკისგან და საინფორმაციო გამოშვება სჯერდებოდა მიმდინარე ამბების მხოლოდ მშრალად გაშუქებას, არ ცდილობდა ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილების კრიტიკულად გაანალიზებას და მაყურებელისთვის საკითხის შესახებ მრავალმხრივი მოსაზრებების მიწოდებას.

ქარტიის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლების შემთხვევებსა და საკადრო ცვლილებებზეც. ნათქვამია, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები საერთოდ ამოვარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგიდან. ანგარიშის თანახმად, საინფორმაციო გამოშვებებში ამ საკითხებს დრო საერთოდ არ ეთმობოდა ან გამონაკლის შემთხვევაში, მინიმალური ყურადღება და პრიორიტეტი ენიჭებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]