weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საელჩოებს მოვთხოვ, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაცული იყვნენ – ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

17:36 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მუქარის შეტყობინებების გამო საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს მიმართავს და ოჯახის წევრების დაცვას სთხოვს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში რამიშვილმა განაცხადა რომ „მესენჯერში“ მუქარის შემცველ შეტყობინენებს იღებს.

„მთელი ეს პერიოდი ვისმენდი ლანძღვა-გინებას, რაც სოციალურ ქსელში მიმინარეობდა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ბოლო პერიოდში ჩემს „მესენჯერში“ უკვე მუქარები წამოვიდა არა მარტო ჩემს, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. ამ დღეებში ყველა ამ შეტყობინებას, არ ვიცი ეს ტროლები არიან თუ ვინ არიან, წარვუდგენ საელჩოებს, მოვითხოვ ყველა ამ შეტყობინების მისამართები დავადგინო. არ მივმართავ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ დაადგინონ, რადგან მათ, არავის აბსოლუტუტად, არ ვენდობი.

უკვე მოვითხოვ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში, მაგრამ ამ საქმეს ჩემი სიცოცხლის საპირწონედ გავაკეთებ და ბოლომდე მივიყვან. მთელ საელჩოებს მოვთხოვ, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაცული იყვნენ, იმიტომ, რომ ასეთი სიბინძურე, რასაც ესენი აკეთებენ, არ მინახია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, საქმის პროკურორმა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს გუშინ მასთან დაკავშირებით ისეთი კითხვები დაუსვა, რასაც საქმის გამოძიებასთან კავშირი არ აქვს.

„თურმე ყოფილა საუბარი, ვინ ვყოფილვარ, საიდან მივსულვარ, ვინ მიმიყვანა, რა ჰონორარს მიხდის და გარკვეული ბულინგი განუხორციელებია პროკურორს ქალბატონი თეონას მიმართ. ამას ესწრებოდა მისი შვილი. იმის მაგივრად, რომ რაღაცას აკეთებდნენ და შვილმკვდარ დედას გვერდში უდგებოდნენ, ჩემზე კითხულობენ, ვინ ვარ, საიდან მოვედი და რა თანხას მიხდიან. რა უფლება აქვს პროკურორს, რომ ეკითხება? რა არ მოსწონთ ჩემი? რომ საწინააღმდეგო აზრი მაქვს და მათ რაც უნდათ, თავიდანვე რისკენაც მიჰყავთ საქმე, იმას რომ არ ვემხრობი? არ არის, ბატონო, ეს თვითმკვლელობა. იმუშაონ და გაამყარონ თავიანთი ვერსიები, მაგრამ თვითმკვლელობა არ გამოვა“, – აღნიშნა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის მიმართ პროკურორის ინტერესის შესახებ თეონა თამაზაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. თამაზაშვილმა თქვა, რომ პროკურორი მარიამ გოგორელიანი მას აბულინგებდა და ეკითხებოდა, საიდან მოვიდა რამიშვილი და რა ჰონორარს სთავაზობს მას. თამაზაშვილის ინფორმაციით, პროკურორმა ასევე ჰკითხა, მან ხომ არ გადასცა ერთ-ერთ ჟურნალისტს ფურცელზე, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაკეთებული ჩანაწერი.

გენერეალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენაზე გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა დაიწყო.

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით. ბაჩალიაშვილები საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას ითხოვენ.

ფონიჭალაში მცხოვრებ თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. 22 ივლისს ახალგაზრდა ქალის ცხედარი მისსავე ავტომობილში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]