weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურორი მარიამ გოგორელიანი ჩამოაშორეს

18:30 პარასკევი, 14 აგვისტო 2020

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ზედამხედველი პროკურორი მარიამ გოგორელიანი ჩამოაშორეს. გოგორელიანს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მის მიმართ ბულინგში სდებდა ბრალს.

დაზარალებულ მხარეს დღეს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდა. როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ შეხვედრაზე აცნობეს, რომ მარიამ გოგორელიანი საქმეს ჩამოაშორეს.

„მიუღებელია როდესაც პროკურორი ასეთ ქმედებას ახორციელებს დაზარალებულ მხარეზე და მით უმეტეს, შვილმკვდარ დედაზე ბატონი ირაკლის მხრიდან რეაგირება იყო ისეთი, როგორიც ეკადრებოდა მთავარ პროკურორს და აღნიშნულ საქმეს ჩამოაშორა“, – განაცხადა რამიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით „სურათი დიდად არ იცვლება, მაგრამ კარგია იმ თვალსაზრისით, რომ პასუხისმგებლობის ნიშანი ჩანს“.

„ეს ნდობის ხარისხს არ ცვლის, უნდობლობა დარჩება მანამ, სანამ შედეგი არ იქნება. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი იმ თვალსაზრისით, რომ სიღრმისეულად იყო ჩვენი პოზიციები მოსმენელი, მათ პოზიციასაც მოვუსმინეთ“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

თეონა თამაზაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურორი მარიამ გოგორელიანი მას აბულინგებდა და ეკითხებოდა, მან ხომ არ გადასცა ერთ-ერთ ჟურნალისტს ფურცელზე, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაკეთებული ჩანაწერი. გარდა ამისა, თამაზაშვილის თქმით, პროკურორი დაინტერესდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილითაც და ჰკითხა, საიდან მოვიდა ის და რა ჰონორარს სთავაზობს ოჯახი.

თეონა თამაზაშვილის ამ განცხადების შემდეგ პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენაზე მოკვლევა დაიწყო. გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ზედამხედველი პროკურორი მარიამ გოგორელიანი საქმეს ჩამოშორებულია.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით. ბაჩალიაშვილები საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას ითხოვენ.

ფონიჭალაში მცხოვრებ თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. 22 ივლისს ახალგაზრდა ქალის ცხედარი მისსავე ავტომობილში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]