დღევანდელ ბრიფინგზე ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობაზე ისაუბრა.
„ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება. ეს ეხება ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ სავალდებულო 12 -დღიან კარანტინს.
საკარანტინო სივრცეების პროექტი, რომელიც საქართველის მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა, არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციაში. დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოვლენილია ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება COVID-19-ის იმპორტირებას ჩვენს ქვეყანაში. ალბათ, მარტივია საზოგადოებისა და მედიისთვის იმის შეფასება, რა მოხდებოდა ეს 300 ადამიანი რომ საკარანტინო სივრცეში არ მოხვედრილიყო“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მედიის წარმომადგენლებს საკარანტინო სივრცეების დათვალიერებას სთავაზობს.
„ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ინტენსივობით შემოგთავაზოთ მედიატურები საქართველოში არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში. უზრუნველვყოფთ თქვენს ჩასვლას პროტოკოლის დაცვით და თავად შეაფასეთ იქ არსებული მდგომარეობა და ფაქტობრივად, ის ხუთვარსკვლავიანი სერვისი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, კარანტინში ყოფნა მოქალაქეებისთვის სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ ეს არის ის სოციალურ პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულს აკისრია.