weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სკოლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა

17:33 კვირა, 16 აგვისტო 2020

ჯანდაცვის სამინისტრომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვით ახალი სასწავლო წლის დაწყება 15 სექტემბრიდან, 2084 საჯარო სკოლაში იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სკოლამ უნდა შეიმუშაოს პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა და თვალსაჩინო ადგილას განათავსოს განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. სკოლის შესასვლელთან სავალდებულოა დეზობარიერის გამოყენება და თერმოსკრინინგის ჩატარება.

ხელის დეზინფექციისთვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები უნდა განთავსდეს სკოლის შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.) და თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი.

ნებისმიერი პირი შენობაში უნდა შევიდეს პირბადით (სავალდებულო არ არის მოსწავლეებისათვის), დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ.

სკოლამ მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით - ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (სასურველია ერთჯერადი ხელსახოცები) უნდა უზრუნველყოს. სანიტარიული წერტილები ყოველი დასვენების შემდეგ უნდა დასუფთავდეს. 

დაუშვებელი იქნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების სკოლის შენობაში დაშვება.

სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება. გარდა ამისა, მოსწავლე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები, დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა. მოსწავლე უნდა მოერიდოს ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას და არ უნდა გამოიყენოს სხვისი ნივთები. 

რეკომენდაციების თანახმად, სკოლამ თითოეულ მოსწავლეს უნდა მისცეს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია და უნდა უზრუნველყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა. ამასთან, საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა. ყოველი ცვლის შემდგომ სკოლაში გამოყენებული უნდა იყოს არანაკლებ ნახევარსაათიანი  სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით - ნატრიუმის ჰიპოქლორიტით (0,1 %-იანი ხსნარით) დამუშავება).

რეკომენდაციების თანახმად, მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი - ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება.

სკოლამ მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა უნდა მიანიჭოს დისტანციურ შეხვედრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]