weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

23:43 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდება. გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გაითვალისწინეს ოჯახის თხოვნა, რომ საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ეტაპობრივად ხდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს შეხვდა.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით. 

ფონიჭალაში მცხოვრებ თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. 22 ივლისს ახალგაზრდა ქალის ცხედარი მისსავე ავტომობილში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ბაჩალიაშვილები თვითმკვლელობის ვერსიას ურყოფენ და საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]