weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობას მოუწოდეს საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად გამოაცხადოს

17:09 სამშაბათი, 25 აგვისტო 2020

„მხოლოდ გლოვის დღის გამოცხადება არ არის საკმარისი. ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს, თუ რა გეგმები აქვს საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად“, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე.

აქცია შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს. ისინი მიმართავენ მთავრობას, საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად გამოაცხადოს და ამ საკითხზე პასუხისმგებელი ორგანო შექმნას. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გასამკაცრებელია სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირება და გზების მონიტორინგი, ასევე, მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა.

„ერთობლივად 17 ადამიანის დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან ან მძიმე ტრავმას იღებენ. წლის განმავლობაში, საგზაო შემთხვევების დროს 500 ადამიანი იღუპება, ხოლო 8000-მდე მძიმე დაზიანებას იღებს.

შეიქმნას საკოორდინაციო სისტემა ისეთივე რესურსების მობილიზებით, როგორითაც დღეს კორონავირუსს ვებრძვით. საგზაო შემთხვევების დროს დაღუპვა არ არის ნაკლები პანდემია“, – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსს ტექინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი, სავარაუდოდ, მასში დამატებითი სკამები იყო დამონტაჟებული და დაშვებულზე მეტი რაოდენობის მგზავრი გადაჰყავდა.  

„ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებას 19 მგზავრის გადაყვანა კონსტრუქციულად არ შეუძლია. არსებობს სერიოზული ეჭვის საფუძველი, რომ იყო დამატებითი სკამები ჩადგმული. გადატვირთულობა საგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია, მით უმეტეს, ისეთ რთულ გზებზე, როგორიც შატილშია“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]