პროკურატურა სასამართლში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს. გამოძიების მტკიცებით, მამის მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ბავშვი იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 23 აგვისტოს ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სამართალდამცველებმა მამა იმავე დღეს დააკავეს, 25 აგვისტოს კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა.
პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობენ ყველა შესაძლო ვერსიაზე.
11 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და მეზობლები მედიასთან ადასტურებენ, რომ მამა შვილზე ძალადობდა. ამასთან, ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ „ოჯახში რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ათასჯერ მივიდა იმ ოჯახში“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება შსს-ში არ შესულა და შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა.