„გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. ერთ ქალბატონთან გრძელდება ინფუზია, მაგრამ შემცირებული დოზებით. კლინიკურ-ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დადებითია“, – განაცხადა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, საავადმყოფოში მიყვანის დროს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
„სახეზე იყო პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი, არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი და ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა 3 ქულით. სამივე მათგანთან იყო მწვავე რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოზი, ორ მათგანთან ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი, ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ექიმმა.
23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.