weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

მოქალაქე ამბობს, რომ Skygirls ბარში თანხა გამოსძალეს და სასტიკად სცემეს

09:44 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

მოქალაქე ივიკო ფრუიძე თბილისში, პეკინის N3-ში მდებარე ბარ Skygirls-ის თანამშრომლებს თანხის გამოძალვასა და ცემაში ადანაშაულებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მას და მის მეგობრებს მოსთხოვეს 981 ლარის გადახდა იმ შეკვეთისთვის, რაც მათ მიერ არ ყოფილა გაკეთებული. ფრუიძის თქმით, მას შემდეგ რაც „არარეალური ანგარიში“ გააპროტესტა, ბარის დაცვის 5-მა წევრმა და ერთმა თანამშრომელმა სასტიკად სცემეს.

„პარასკევს საღამოს ტრადიციულად მეგობრებთან ერთად ვატარებდი შესანიშნავ დროს, როცა ჩემს მეგობარს, მეზობელ მაგიდასთან მჯდომი გოგონა მოეწონა, გაიცნო და იქითკენ გადაჯდა. შემდეგ მათგან გაჩნდა იდეა, რომ ადგილი შეგვენაცვლებინა და სხვა ბარში წავსულიყავით. ჩემი მეგობარი სულ 4 დღის ჩამოსული იყო (კარანტინი გავლილი ჰქონდა). როგორც სტუმარი მარტო არ დავტოვეთ და წავყევით სხვა ჩვენთვის უცნობ ბარში“, – წერს ივიკო ფრუიძე.

როგორც ის ყვება, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ბარის დატოვება გადაწყვიტეს, მათ „სრულიად აბსურდული ანგარიში“ მიუტანეს, სადაც მათ მიერ შეკვეთილი 5 კოქტეილის ნაცვლად 25 ეწერა.

„თან მომსახურების პროცენტის გარდა, კალკულაციაში კიდევ იყო დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა, რომლის წარმომავლობაც ვერ დავადგინეთ. თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არის-მეთქი. არაო თქვენიაო, თქვენს მეგობართან რომ გოგოა, იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება“, – ამბობს ფრუიძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მასთან დაცვა მივიდა, გარეთ გაიყვანა და ჰკითხა, რატომ იყო უკმაყოფილო და რატომ ამბობდა უარს ანგარიშის გადახდაზე. ამ დროს, ფრუიძის თქმით, ანგარიში მისმა მეგობარმა გაასწორა იმ მოტივით, რომ ინციდენტი ამოწურულიყო, თუმცა მას თანხა ტერმინალით არ გადაახდევინეს და მოთხოვნის მიუხედავად, არც ჩეკი მისცეს.

„დაცვის ერთერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და

მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის. მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ... წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას.

ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე.

ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში. თუმცა ისტორია გრძელდება: ამოვედი ბარიდან ნაცემი, აღშფოთებული, ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, დავრეკე პატრულში. ეკიპაჟის მოსვლამდე მოხდა ჩემსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება. დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურში და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში. სანამ იმას შევუტრიალდი, მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.

მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ან - არა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა“, – ამბობს ივიკო ფრუიძე.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ დაცვის 5 წევრიდან და ბარის ერთი პერსონალიდან დაცვის ორი წევრი დარჩა ადგილზე, დანარჩენი 4 მოძალადე კი მიიმალა.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანი დავრჩი ჯერ თაღლითობის მსხვერპლი, შემდეგ ხელ და ცხვირგატეხილი, უამრავი ტრამვით. ერთი ოპერაცია უკვე ჩამიტარდა, წინ მაქვს მეორე. მაქვს ტვინის შერყევა. ვარ დაჟეჟილობით სხეულის ყველა წერტილში.

არ ვითვლი მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებს. რამოდენიმე თვით გამოვეთიშე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გადავყლაპე შეურაცხყოფა და ღიად ვამხილე თაღლითები“, – წერს ივიკო ფრუიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ივიკო ფრუიძის თქმით, გამოძიებასთან ითანამშრომლებს და აქვს იმედი, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარზე მკაცრი რეაგირება ექნებათ. ის ამბობს, რომ 10-15 ბარია, სადაც მოქალაქეებს და უცხოელებს თანხას მსგავსი სქემით სძალავენ.

„მთავრობის მხრიდან აუცილებლად უნდა გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რათა საქართველოში ადამიანი იყოს უფრო დაცული. სისტემა უნდა იცავდეს მოქალაქეს და არა ცალკეული ადამიანების მარიფათი. ამისთვის მხოლოდ ნებაა საჭირო. განა ვინ მფარველობს ესეთ ბარებს, რომ ესეთ სიტუაციაში აგდებენ ხალხს და გასდით?!

უამრავი შემთხვევა გავიგე, რომ ჩემი ნაცნობი ადამიანები აღმოჩენილან მსგავს სიტუაციაში. უამრავი სტატიაც წავიკითხე ამ თემაზე, მაგრამ საკითხის გადაჭრის პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ არსებობს და ეს დაუცველს ჰხდის თითოეულ ადამიანს. გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩემი შემთხვევა იყოს უკანასკნელი“, – ამბობს ივიკო ფრუიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]