weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმსა და ქობულეთში კაფე-ბარების თანამშრომლებს ტესტირებისკენ მოუწოდებენ

14:30 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

„როდესაც ჩვენ მოვუწოდეთ, ბათუმსა და ქობულეთში კაფე-ბარებში დასაქმებულებს, რომ აუცილებელი იყო, ტესტირება ჩაეტარებინათ, არ იყო დამყოლობა. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ აუცილებელია, ტესტირება გაიარონ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება. ამის მიუხედავად, ბათუმში სპეციალური საკარანტინო ზომების მიღება არ იგეგმება. ამირან გამყრელიძის თქმით, ქალაქის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.

„ბათუმში ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. ერთადერთი რაც არის – იქ იქნება გაფართოებული ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა და სულ სამი კარავია, სადაც ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, გარდა ამისა 5-მა პოლიკლინიკამ დაიწყო ტესტირება. ბათუმში ჩვენი სამი ლაბორატორია მუშაობს და დღეში 1600-1800 ტესტის გაკეთების საშუალებაა. გაფართოებულ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ მოწოდებაა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვინც იყვნენ „დონაში“, მათ შეუძლიათ ნებაყოფლობით მივიდნენ ტესტირების ადგილზე და ყოვეგვარი გადასახადის გარეშე ჩაუტარებენ ტესტს. ამავე დროს, საჭიროა თითოეულმა მათგანმა აწარმოოს ე. წ. თვითმონიტორინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ დავაკვირდეთ მე-3 და მე-8 დღეებს შორის პერიოდს, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია და ამ პერიოდში თუ რამე ჩნდება სიმპტომი (პირველ რიგში, ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება) აუცილებელია, რომ დავუკავშირდეთ „112“-ს და ჩავიტაროთ გამოკვლევა. ასევე,

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმიდან თბილისში ვინც ჩამობრძანდა და თუ მას ისტორია აქვს „დონაში“ ყოფნის, აუცილებელია, რომ აწარმოოს თვითმონიტორინგი – თუ რაიმე სიმპტომი ჩნდება, დაუყოვნებლივ დარეკოს „112“-ზე, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას ტესტირებისთვის.

მოვუწოდებთ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი: არ დასმულა მათი დახურვის საკითხი, მაგრამ იქ გატარებული უნდა იქნეს ეპიდსაწინააღმდეგო ყველა ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და ორ-სამ დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია დაწესებულების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, დღეში კოვიდინფიცირების 38 და თუნდაც 50 ახალი შემთხვევა ჯანდაცვის სისტემისთვის ტვირთი არ არის.

„ის სრულად მართვადი და კონტროლირებადია, მაგრამ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს – პირბადის ტარების, დისტანციის დაცვის, ხელების ხშირი დაბანის, სანიტარული წესების დაცვის შესახებ (რასაც მოსახლეობა, სამწუხაროდ, უკვე აღარ იცავს მაღაზიებში, დახურულ სივრცეებში და ა.შ.), მაშინ უკვე საშიშროება დადგება უფრო ფართომასშტაბიანი გავრცელებისა, რაც წყალში ჩაგვიყრის ყველაფერს, რაც რვა თვის განმავლობაში გავაკეთეთ და აქამდე მოვედით შედარებით ნაკლები დაზიანებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 1548 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1270 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 მოქალაქე. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში სამი კრიტიკულად მძიმე და 15 მძიმე პაციენტია მოთავსებული. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და უფრო მსუბუქია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]