როგორც „რეგინფოს“ სოფელში დუშეთის მერის წარმომადგენელმა, ამირან გოგოჭურმა უთხრა, დაშავებული მუშა, ბარიდან ჩასულ ჯგუფთან ერთად, ერთ–ერთი კერძო სახლის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. ამირან გოგოჭურის ინფორმაციით, მამაკაცმა გულ-მკერდის არეში დაზიანება ე.წ. ბალგარკით მუშაობის დროს მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შესახებ შეტყობინება „112“ –ში შევიდა. ადგილობრივი ექიმის ცნობით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად უმოკლეს დროში, შატილის მიმართულებით გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო–სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები.
პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადეს შს სამინისტროში.