განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არსებული ეპიდსიტუაცია აუდიტორიებში სწავლის დაწყების შესაძლებლობას იძლევა.
„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლოს სიტუაციის შენარჩუნება. ამიტომ უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს, მათ შორის, 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით, შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარებით და ა. შ.“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.
მიხეილ ჩხენკელმა დისტანციურად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით რექტორებს მოუწოდა, გაზაფხულის სემესტრის მსგავსად, იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.