ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორის და ტრეისერის, ვაჟა ბერეჩიკიძის თქმით, ლაგოდეხიდან შეჯიბრზე გამოსასვლელად 7-8 ტრეისერი ემზადება. მათი მიზანი რეგიონში პარკურის პოპულარიზაცია, მისი განვითარების ხელშეწყობა და ჩემპიონატის ჩატარების ტრადიციის შექმნაა.
ლაგოდეხში პარკურის ჩემპიონატი ადგილობრივი თვითმმართველობის და პარკურის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. ჩემპიონატი ერთი თვის წინ, თბილისის ზღვაზე დაღუპული 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც პარკურის მიმდევარი იყო.
პარკურის განვითარება საფრანგეთში, 1980-იანი წლებიდან დაიწყო. მას ქალაქში დაბრკოლებების გადალახვის და ეფექტურად გადაადგილების ხელოვნებას უწოდებენ. ამ დისციპლინის მიმდევრებს ტრეისერები ჰქვიათ. ტრეისერები ყველა დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე ცდილობენ დაძლიონ ქალაქში ღობეებით, კედლებით, სახურავებით, ხეებითა და სხვა საგნებით შექმნილი დაბრკოლებები. საქართველოში პარკურის მიმდევრები დაახლოებით ათი წლის წინ გამოჩნდნენ.