ცოლად შერთვის მიზნით გოგონა 2020 წლის 5 თებერვალს გაიტაცეს. რამდენიმე დღეში პოლიციამ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დააკავა. დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, მესამე ბრალდებულზე, რომელიც ასევე არასრულწლოვანი იყო, ძებნა გამოცხადდა.
დაზარალებულის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ლია ხუროშვილი იცავდა. როგორც ადვოკატმა „რეგინფოს“ უთხრა, რ.ქ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვან ვ.ქ.-ს ამავე მუხლით 7 წლით და სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, მას სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ორივე მუხლით განსაზღვრული დანაშაულისთვის 7 წელი და 6 თვე მიესაჯა. კიდევ ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს, ვ.მ.-ს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ერთი მეოთხედით შეუმცირდა და 4 წელი და 8 თვე დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ პოლიცია ვ.მ-ს ამ დრომდე ეძებს.