წელს, წინა წელთან შედარებით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 4.6%-ით გაიზარდა: საქალაქო დასახლებებში 90.7%, ხოლო სასოფლო დასახლებებში 74.5% შეადგინა. ეს მაჩვენებლი რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაშია და 93.5 და 91.9% შეადგენს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74%-მა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 82.4%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 61.6%-ით განისაზღვრა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.2%-ს შეადგენს.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 89.2% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.4% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.4% კი - უფრო იშვიათად.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება - 95.2%, ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი - 86.1%, ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა - 54.9%, ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება - 51.4%, ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა - 47.6%, საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება - 38.5%, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა - 34.7%, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა - 17.9% და სამუშაოს ძიება/სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა - 14.2%.
საქსტატის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 94.7%-მა უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) გამოიყენა.