რაც შეეხება სხვა რეგიონების სკოლებს, პრემიერის გადაწყვეტილებით, სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.
„ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭირდება ორი კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეს, სადაც ბავშვები დადიან, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ წრეებზეც ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განმარტებას გააკეთებს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან როგორც ეპიდემიოლოგები, ისე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ, დღეს, რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება, როგორც მძაფრი კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1354 (71 %) უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში 518 აქტიური შემთხვევაა.