ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შემოდგომის დასაწყისში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო.
„ამის მიზეზები ბევრჯერ იქნა გამეორებული: ის, რომ ზაფხულის სეზონის დროს აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით ბათუმსა და ქობულეთში, მოსახლეობის დიდი კონცენტრაცია იყო; განსაკუთრებით გაიზარდა იქ მობილობა. სამწუხაროდ, ნაკლებად არის დაცული ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვისკენაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობასა და დიდ დამსაქმებლებს მუდმივად მოუწოდებს.
ჩვენ რატომღაც მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ მუდმივად უნდა გვაკონტროლოს. შოლტის პრინციპი ყოველთვის არ მუშაობს. პანდემიის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მოსახლეობის ქცევას. თითოეულ ადამიანს პოლიციელს ხომ ვერ დავუყენებთ?
კონტროლიც მოსუსტდა და ჩვენც დავიჯერეთ, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ. არადა სულ ამაზე იყო საუბარი, რომ არ დაგვიმარცხებია, მარტო ქართველები ამას ვერ ვიზამთ. ეს უნდა გააკეთოს მთელმა სამყარომ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე, რატომ არ იქნა მიღებული მკაცრი ზომები აჭარაში, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მკაცრი რეგულაციები გამოიყენებოდა ძირითადად გაზაფხულზე, როდესაც კორონავირუსის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ იყო.
„სიკვდილიანობის პროცენტი გაზაფხულზე იყო 7 პროცენტი გლობალურად. რიგ ქვეყნებში ეს იყო 10, 15, 19 პროცენტი, იმიტომ რომ ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს და ბრძოლის ერთადერთი იარაღი გახლდათ მკაცრი ე.წ. ლოკდაუნის ტიპის ღონისძიებები. დღეს უკვე 8 თვეა გასული. ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა. გლობალურად, ვირუსის სიკვდილიანობა ჩამოსულია 3.2 პროცენტზე. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. დღეს მსოფლიოში კრიტიკული მხოლოდ ერთი პროცენტია. ათასზე მეტი პაციენტიდან, ვინც დღეს საქართველოს საავადმყოფოებში გვყავს, მოლოდ სამი ადამიანია, ვინც ხელოვნურ ვენტილაციაზე და აპარატზეა. ე.წ. მძიმე ავადმყოფების რიცხვიც არა არის დიდი. მაქსიმალურად დიდი პროცენტი - სადღაც 80-85 პროცენტი არის ძირითადად მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადება. დღეს მისი ქცევა და მართვა სხვანაირია. ამიტომ „ლოკდაუნის“ პრინციპი აღარ არის. თუ გაზაფხულზე გვქონდა პრინციპი დარჩი „სახლში“, დღეს პრინციპია „ვისწავლოთ თანაცხოვრება და ადაპტირება კორონავირუსთან“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
15 სექტემბრის დილის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 6, გურია, ოზურგეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – 1.